საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ძალისხმევით საქართველოში კიბოს სკრინინგცენტრები გაიხსნა, რომელიც დღემდე საშუალებას აძლევს ქალებს, რამდენიმე სახის კიბოზე ანალიზები უფასოდ ჩაიტარონ. სამწუხაროდ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ეს პრობლემა სანდრას თავადაც შეეხო.
“2011 წლის თებერვალში სკრინინგზე რომ მივედი, მამოგრაფია გადამიღეს, ასისტენტმა მითხრა, დეზოდორანტი ხომ არ გამოგიყენებია ამ დილას, რაღაც არ მომწონსო. მერე თქვა, რომ ონკოლოგთან ერთად შევხედოთო, პატარა წერტილები იყო ერთ ადგილზე მარჯვენა მხარეს. მითხრეს, ევროპაში მაინც გადაამოწმეო. უცხოურ კლინიკაში,
სადაც შემდეგ მივედი ექიმი ქართველი იყო, ვთხოვე ყველაფერი კონფიდენციალური ყოფილიყო. გასინჯვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მქონდა ნულოვანი სტადია, მაგრამ ძუძუს მოკვეთა მირჩიეს, რადგან წინასწარ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა პროცესები.
მაშინ დედამ მითხრა, შენ რატომ დაგემართა და მე არაო. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი. ამიხსნეს, რომ მკერდის მოკვეთის შემდეგ შესაძლებელი იყო პროთეზის გაკეთება. ეს ზუსტად ის ზაფხული იყო, სტინგი რომ ჩამოვიდა საქართველოში. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მაშინ ვთქვი, რომ ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს პრობლემების მქონე ქალებს დავხმარებოდით.
ოპერაცია ამერიკაში გავიკეთე, მამშვიდებდნენ, მპირდებოდნენ რეკონსტრუქცია ჩამიტარდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებდა ეს თავდაჯერებულობაზე. ძალიან ძნელი იყო თავიდან, ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავლახე. მე მგონია, რომ ამ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ძუძუ რომ უნდა მოიკვეთო, ეს არის ბომბი ქალის ცხოვრებაში, ვფიქრობდი, 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი.
2012 წლის 19 სექტემბერს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის საქველმოქმედო ველოტური უნდა გამართულიყო გურიაში. წინა საღამოს ციხის ცნობილი კადრები გავრცელდა. იმ ღამეს არ მეძინა, მაგრამ დილას უნდა ვყოფილიყავი საქველმოქმედო ველოტურზე. ვფიქრობდი, რა დროს ველოსიპედზე დაჯდომაა დღეს, მაგრამ ამ ქალებს ვერ დავტოვებდი. მახსოვს, ღონისძიებაზე ერთ-ერთი ტელევიზია მე და ნიკოლოზს დაგვდევდა, კადრები უნდოდათ, რომ ამ დროს გასართობად დავდიოდით. 60 კილომეტრზე მეტი ვერ გავიარე და ისევ ბათუმში დავბრუნდი. ეს იყო ურთულესი პერიოდი”,- აღნიშნავს სანდრა ერთ-ერთ ინტერვიუში