“ჩადრით მოსიარულე ქალები მიყვარს, პატიოსნება და წესიერება..” – ნახეთ გივი სიხარულიძე

0

მსახიობი და მწერალი, მოცეკვავე, თბილისის კოლორიტი, გივი სიხარულიძე, ქართულ პოლიტიკაზე თამამად ლაპარაკობს და ამბობს, რომ მისი სანუკვარი ოცნება ქართველების ერთად ყოფნა, შერიგება და მორიგებაა.
– ბატონო გივი, რა განცდა გეუფლებათ, როცა დღევანდელ საქართველოზე ფიქრობთ და ჩვენს პოლიტიკოსებს აკვირდებით?
– როგორც ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი მეც მაღელვებს. რა თქმა უნდა, ქართველ პოლიტიკოსებზე ჩემი შეხედულები მაქვს. მე თვითონ, პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ ღვთის რწმენა არ გვექნება, ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, უფრო მეტიც – სახელმწიფოდ ვერ შევდგებით… და თუ უფლის რწმენა გვექნება, ერთმანეთის მტრობას მოვიშლით და ამ ქვეყნის მომავლისთვის ყველა ერთად ვიბრძოლებთ, ყველაფერს შევძლებთ. ჩემი მოსაზრება ასეთია: პოზიციაც და ოპოზიციაც ერთად უნდა იყოს შედუღაბებული და ყველა ამ ქვეყნისთვის იღვწოდეს. ოღონდ, ყოველგვარი დაპირისპირების, ლანძღვა-გინების და ცემა-ტყეპის გარეშე. ასე ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში.

– თუმცა, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა: ერთი მხარე მეორეს უპირისპირდება და უმტკიცებს, რომ ქვეყნის მოღალატე, აგენტი და ჯაშუშია…

– იცით, რას ვფიქრობ? – საქართველო ყველას უყვარს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას არასწორი პოლიტიკა აქვს არჩეული. კიდევ კარგი, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა სწორად მართავს ქვეყანას. ღმერთმა ქნას, რომ ორივე მხარე – ოპოზიციაც და პოზიციაც გაძლიერდეს. კიდევ ვიმეორებ: მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი – ცემა-ტყეპით და მუშტი-კრივით საქვეყნო საქმე არ უნდა წყდებოდეს. ძალიან მინდა, რომ ჩემს სამშობლოში ყველა სერიოზული საქმე დიალოგის და მოლაპარაკების გზით კეთდებოდეს. იმისათვის, რომ დავიბრუნოთ, რაც დაკარგული გვაქვს, ბრძენი მთავრობა გვჭირდება – ბრძენი პრეზიდენტი, ბრძენი პრემიერ-მინისტრი… გვყავს ასეთი პრეზიდენტი? – სამწუხაროდ, არა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ პრემიერ-მინისტრი ჭკვიანი გვყავს. რაღაცნაირად მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა და პრემიერი იმდენს მოახერხებენ, რომ საქართველო წინ წავა, მჯერა, რომ ბოლო კეთილი იქნება.

– კი მაგრამ, სალომე ზურაბიშვილი ხომ უმრავლესობამ აირჩია პრეზიდენტად? – მას სწორედ “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს.

– მე არ ამირჩევია, არც წინა პრეზიდენტი და არც – ამჟამინდელი. ხომ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი იძახდა: გიორგი მარგველაშვილს თუ პრეზიდენტად არ ავირჩევთ, მე ამ ქვეყნიდან წავალო. მერე ზურაბიშვილზე ამბობდა, ასეთი მშვენიერება დედამიწაზე არ დადისო. ამაში ნამდვილად ვეთანხმები: ზურაბიშვილი ცუდი ქალი ნამდვილად არ არის, რომ შეხედავ, მოგეწონება, მაგრამ პრეზიდენტს მარტო გარეგნობა ხომ არ სჭირდება?

– სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ერთი წელი დარჩა და ახლა მისი იმპიჩმენტი გონივრულ ნაბიჯად მიგაჩნიათ?

– არ ვიცი, ეს საკითხი ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ მე, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე ვხედავ, რომ მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მივესალმები, რომ დასავლეთში ჩადის და ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. პრეზიდენტმა საქართველოზე უნდა ილოცოს, ლოცვა და საქმე – ეს არის პრეზიდენტის საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერც ერთს ვხედავ და ვერც – მეორეს.

– ალბათ, ჩვენს მკითხველს აინტერესებს, კანდიდატის სტატუსზე რას ფიქრობთ?

– მე ევროპული ღირებულებების მატარებელი კაცი არ ვარ, მეტიც – ჩემი ბუნებით, აზიელი ვარ და არა – ევროპელი: აზიური მენტალიტეტი და აზიური ხასიათი მაქვს, ამიტომ, ევროპაში შევალთ თუ არა, დიდად არ მაღელვებს. იცით, ყველაზე მეტად რა მადარდებს? – ჩემი სამშობლოს ბედი. თუ ჩემი სამშობლოსთვის ეს სტატუსი კარგი იქნება, მივესალმები, მთავარია, ჩემს ხალხს და ქვეყანას რა სიკეთეს მოუტანს. მე მიყვარს ეს ქვეყანა, რომელიც აზიურია, მიყვარს ჩადრით მოსიარულე ქალები, მიყვარს სინდისი და პატიოსნება, ქალი რომ ქალს ჰგავს და კაცი – კაცს… ქართველი კაცი ვარ და ჩემი ეროვნული სიმაყე მაქვს. ჩემი ფუძე, ჩემი წარსული და ისტორია მიყვარს.

– დავუბრუნდეთ ჩვენს რეალურ პრობლემებს: რამდენად გამართლებულია, როცა დღევანდელი ხელისუფლება გამუდმებით იხსენებს წინა ხელისუფლების გადაცდომებს და ამით თავის სუსტ მხარეებს ამართლებს?

– მე არც “ნაციონალებს” ვაგინებ და არც არავის, მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვემადლიერები იმის გამო, რომ ომში არ ჩაგვრთო! ამაზე ძალიან ძლიერი ძალები მუშაობდნენ. საქართველოს ომში ჩართვა იდიოტიზმი და ჩვენი კატასტროფა იქნებოდა.

– თუმცა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამტკიცებენ, რომ ეს “შეთქმულების თეორიაა”, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის სურდა, არც ახლა სურს…

– შეიძლება ეს სიმართლეა, მაგრამ მე მაინც მადლობელი ვარ, რომ ჩემი ერი გადარჩა, რომ დღეს სისხლში არ ვართ მოთხვრილი… სინამდვილეს ვერსად გავექცევით: ამ განსაცდელისგან “ქართულმა ოცნებამ” გვიხსნა. ეს სიტყვები სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრე ვარ – მე ყოველთვის იმის მადლიერი ვარ და ვიქნები, ვინც საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს და დაღუპვისგან გადაარჩენს. ინტერვიუს დასასრულს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ნატვრას – ძალიან მინდა, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთში მორიგდნენ და საქართველოში თანხმობა იყოს, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის ბედნიერი მომავლისთვის!

წყარო:anews.ge

Share.