“დღეს მშიერი ვიძინებდი და მუცლის ხმამ არ დამაძინა, მაგრამ რაც დღეს გავაკეთე ამას არასდროს ვინანებ” – ის რაც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს

0

დღეს მაღაზიაში ისეთ რამეს შევესწარი, ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე ეს რა იყო!
ღამის 2 საათია უკვე. ძალიან მშია, მუცლის ხმა არ მაძინებს, ორჯერ ავდექი და დიდი ფინჯანით დავლიე წყალი, რომ შიმშილი მოვიკლა. დღეს 5 წუთით ადრე ან გვიან რომ შევსულიყავი მაღაზიაში ასეთ დღეში არ ვიქნებოდი. ვერც ვერავის ვთხოვ ფულს, ყველასგან ნასესხი მაქვს ცოტ-ცოტა და მერიდება. ხელფასი ხვალ შუადღით ჩამერიცხება, მანამდე კი გავუძლებ.
სამსახურში სმენას მოვრჩი, სულ 2 ლარი მქონდა და მთელი დღე არაფერი შევჭამე, ვიფიქრე სახლში რომ წავალ მაკარონს ვიყიდი და ორ ჭამაზე მაინც მეყოფა თქო.
სამსახურიდან გამოვედი, მძიმე დღე იყო. შიმშილისაგან უკვე თავბრუ მეხვეოდა, ძლივს შევედი “სპარში” სალაროსთან ახლოს, პატარა დახლზე ელაგათ მაკარონები და ზეთები, რამდენიმე სახეობის მაკარონი იყო, აქედან 2 მომდიოდა. ამ დროს ქალი და ბავშვი შემოვიდნენ. ქალი ასე 25-27 წლის იქნებოდა, ბავშვი კი 4-5 წლის. პირდაპირ სალაროსთან მივიდნენ, მეც ერთი მაკარონი ავიღე და მათ უკან დაველოდე ჩემს რიგს.
– “პარლამენტი” გაქვთო? – იკითხა ქალმა (სიგარეტი) – კი გვაქვს, 6 ლარი და 30 თეთრი ღირსო, – უპასუხა მოლარემ. – ერთი მომეცით, თუ შეიძლებაო, – და სახურდეზე 5 ლარიანი და 2 ლარიანი დადო.

– მოლარე სიგარეტს ატარებდა, როცა ბავშვმა, დედას სახელოზე მოქაჩა და უთხრა: – დე ძალიან მშია, რამე მიყიდე, სახლში საჭმელი არ გვაქვსო. ამ ქალს შევამჩნიე რომ შერცხვა, ჯერ მოლარეს შეხედა მერე უკან მე გამომხედა, – მიდი დედიკო, ხომ იცი ერთჯერადი სუპები სადაც არის და ერთი ცალი მოიტანეო, – უთხრა დედამ ბავშვს.
– დეე, ვეღარ ვჭამ ამ ერთჯერად სუპს, მერე სულ მუცელი მტკივდება და გული მერევაო, – და ამ პატარა თვალებიდან ორი დიდი ცრემლის ბურთი გადმოუგორდა…

– მე სხვა რამის საყიდელი ფული არ მაქვს! თუ არ გინდა წადი და დააბრუნე თავის ადგილას, – უყვირა ქალმა, მოლარე გაკვირვებული უყურებდა სიტუაციას, მე ბურთი ყელში მებჯინებოდა და ცოტაღა მინდოდა, საცაა იმ მაკარონის პაკეტს ჩავათხლიშავდი გაბუწკულ თმებში იმ კახპას!

– აიღეთ გოგონა ფული! და გამიშვით დროზე! ბავშვი მაღაზიის კარებთან თვალცრემლიანი ელოდებოდა დედას, რომელმაც ახლახანს სიგარეტში 6 ლარი და 30 თეთრი გადაიხადა, თავის მშიერ შვილს კი პროტესტის გამო ის ერთჯერადი სუპიც უკან დააბრუნებინა.

ქალმა ხურდა აიღო და კარისკენ წავიდა, ამათ ყურებაში ჩემი შიმშილი სულ გადამავიწყდა. მაკარონი უკან დავდე და იქვე სალაროდან ერთი “სნიკერსი” ავიღე, ფული გადავიხადე და როგორღაც დავეწიე იმ დედა-შვილს. ქალს ტელეფონში ჰქონდა თავი ჩაყოფილი, ბავშვი კი ორი ნაბიჯით უკან მისდევდა. მხარზე ხელი დავადე, ბავშვმა ამომხედა, ჩაწითლებული თვალებით, გავუწოდე შოკოლადი, აი მაშინ დავინახე თუ რა არის სიხარული, ბედნიერება და მადლიერება ერთ გამოხედვაში. შუბლზე ვაკოცე და ტელეფონში თავჩამძვრალი დედისაკენ მივანიშნე დაეწიე დედას თქო.

სახლში მივედი. ჩაი გავიკეთე, მაგრამ მხოლოდ ჩაი რას მიშველიდა, საერთოდ არაფერი მქონდა, ერთი ძველი პურის ნატეხიც კი, რას ვიზამთ რთულია სტუდენტის ცხოვრება…

არადა იმ ქალს კარგადაც ეცვა, კარგი ჩანთაც და ფეხსაცმელიც ჰქონდა, ტელეფონი მაღალფასიანი ეჭირა, თმებიც მოწესრიგებული, მაკიაჟიც როგორც შეეფერებოდა, მოკლედ კარგი გამოწკეპილი ქალი გეგონებოდათ, აი ისეთი თვალი რომ გაგექცევათ. მაგრამ შინაგანად? დედაჩემს 15 წელი არ ვუჩნდებოდი, რომ გავუჩნდი მამა გარდამეცვალა და ერთი წუთით არ მახსოვს რამე მოეკლოს ჩემთვის. წელებზე ფეხს იდგამდა, დღეს და ღამეს ასწორებდა ჩემთვის, სიცხე რომ მქონდა საწოლთან სკამზე ბევრჯერ ჩასძინებია, ჩემი ხელი რომ ეჭირა. დალხენილი ცხოვრება არ მქონია, დედაზეც ბევრჯერ გავბრაზებულვარ, რომ უთქვამს შვილო ახლა არ მაქვს მაგის საშუალებაო, განა მჭირდებოდა მაგრამ კლასელებს რომ ჰქონდათ მეც მინდოდა. 19 წლის მანძილზე მშიერს არ დამიძინია, აი სტუდენტობაში კი რამდენჯერაც გნებავთ.

ახლა ვფიქრობ, სიგარეტის მოწევა მოდად რომ იქცა, ალბათ მასთან ერთად რამდენი ბავშვისთვის გახდა ერთჯერადი სუპები და მშიერი დაძინება ყოველდღიურობა თქო. ვფიქრობ და გული მეწვება, მე კიდევ ავიტან ახლა შიმშილისაგან მუცლის ტკივილს, მაგრამ იმ ბავშვს რამდენჯერ ტკიებია და კიდევ რამდენჯერ ასტივდება, აი ამაზე ფიქრი მოსვენებას მიკარგავს.

დედებო ათასფრად შეღებილი და დავარცხნილი თმა, კარგი მაკიაში, სამკაულები, ტანსაცმელი, ტელეფონები და სიგარეტი კი არა! თქვენს შვილებს მიხედეთ! თქვენს შვილებს, რადგან პრანჭიაობაში დახარჯული ფული თქვენი შვილების ჯანმრთელობის გაუარესებად დაგიჯდებათ! ან თქვენ ვინც ამას ვერ ხვდებით, რა შვილების ყოლის ღირსები ხართ!

მე კი დღეს დავიძინებ ან ვერ დავიძინებ, მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე. დარწმუნებული ვარ, ის ბავშვი რომ გაიზრდება, არ მოექცევა თავის შვილებს ასე და სხვების დახმარებაზეც არასდროს იტყვის უარს…

მიყვარხარ დედა! ანიტა დოლიძე

Share.