26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მამაკაცი მის შვილზე 6 თვის განმავლობაში ძალადობდა, ბოლოს კი თავად მასაც შეეხო ხელით.„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. ჩემი შვილიშვილი ისეთი შეშინებული დამხვდა, უნებლიე შარდვა დაემართა. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით,
ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.
დღეს ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო. ტუალეტში შეიყვანა, დედას ახრჩობს და დანა დავუმალეო. წლინახევრის ბავშვი იქ დარჩა და უყურა ყველაფერს. სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, თორემ ბავშვებსაც დამიხოცავს, ჩამოყალიბებული მკვლელია“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
შეგახსენებთ, თელავში 26 წლის გოგო და სამი შვილის დედა მარიამ გამტკიცულაშვილი სასტიკად მოკლეს. ბრალდებული არაფორმალური ქმარია.
სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.