“როგორ უნდა მოაწყოს მორწმუნემ სახლში სალოცავი კუთხე..” – ნახეთ ის რაც ყველამ უნდა იცოდეს

0

როგორ უნდა მოაწყოს მორწმუნემ სახლში სალოცავი კუთხე
სულისა და ხორცის მჭიდრო კავშირის გამო მართლმადიდებლურ სიწმინდეებს არა მხოლოდ სულით, არამედ ხორცითაც ვცემთ თაყვანს. სიწმინდეთა თაყვანისცემას ვასრულებთ ტაძრებში, წმინდა ადგილებზე, წმინდანთა საფლავებზე…
თუმცა ყოველი მორწმუნე თავადაც ფლობს ამა თუ იმ სიწმინდეს ჯვრის, ხატის, ნაკურთხი წყლის, ზეთის, სანთლის სახით. ამ ყველაფერს მართლმადიდებლები საკუთარ სახლში გამოყოფილ ხატების კუთხეში მივუჩენთ ხოლმე ადგილს.
ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად დაბნეულია, არ იცის, სად და როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე.
სამლოცველო კუთხე წმინდა ხატებით გამშვენებული ადგილია სახლში, სადაც სალოცავად იკრიბება ოჯახი. მისი დანიშნულებაა, დაგვიფაროს ბოროტისაგან და ოჯახის მორწმუნე წევრებს მოძღვრის მიერ დადგენილი ლოცვითი კანონის აღსრულებისას ლოცვის განწყობილება შეუქმნას.

შინ ლოცვისთვის მოხერხებული ადგილი უნდა შევარჩიოთ. კარგი იქნება, თუ ამისთვის ცალკე პატარა ოთახს გამოვყოფთ (რაღა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება გვაქვს). სასურველია, ეს ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი არ იყოს, მაგრამ თუკი სხვა საშუალება არ არის, სამლოცველო კუთხის მოწყობა საძინებელ ოთახშიც შეიძლება.
ხატები აღმოსავლეთის კედელზე ან აღმოსავლეთის კუთხეში უნდა ეკიდოს, ისე, რომ ლოცვის დროს მლოცველი პირით აღმოსავლეთისკენ იდგეს. იკითხავთ, რა მნიშვნელობა აქვს ლოცვისას აღმოსავლეთისკენ მიბრუნებასო. ეს წესი წმინდა მოციქულებისგან მომდინარეობს. ის იმიტომ შემოიღეს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც მას ხშირად უწოდებენ, “მზეი სიმართლისა” – აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებებში იგი ხშირად “აღმოსავლად” მოიხსენიება. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა. დაბოლოს, მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან მოველით, ამიტომ ამ მხარისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

სასურველია, ხატების წინ თავისუფალი ადგილი გვქონდეს, რათა მათ წინაშე მუხლის მოყრა და თაყვანისცემა შევძლოთ.
ხატების განლაგების ზოგადი წესი კანკელის მაგალითიდანაა აღებული. ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს მაცხოვრის ხატი უნდა მოთავსდეს, მარცხნივ – ღვთისმშობლისა, ქვემოთ – წმინდანებისა. დანარჩენი კი თვით მორწმუნის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ოღონდ სასურველია, ზოგადად დავიცვათ იერარქია – წმინდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ არ უნდა აღმოჩნდეს. სამღვდელო კურთხევანის მიხედვით, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების შემდეგ ასეთი იერარქია უნდა დავიცვათ:
1) წმინდა იოანე ნათლისმცემლის,
2) წმინდა წინასწარმეტყველთა,
3) წმინდა პეტრესი და პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა,
4) წმინდა მღვდელმთავართა
5) სხვა მოციქულთა და წმინდა მოწამეთა,
6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა,
7) წმინდა უვერცხლო მკურნალთა,
8) წმინდა იოაკიმესი და ანასი.
სამლოცველო კუთხეში ხატების გარდა შეიძლება გვქონდეს კანდელი, სასანთლე, სასაკმევლე (საცეცხლური), სასულიერო წიგნები, ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი, რომელსაც ყოველ დილით, ლოცვის შემდგომ უზმოზე მივიღებთ.
კანდელი ზეთიანი ჭურჭელია, რომელშიც ცეცხლს ვანთებთ. იგი შედგება თვით ჭურჭლის, ბამბის ფთილისა და უღლისაგან, რომელსაც ფთილი უჭირავს. ტაძარში კანდელისთვის სპეციალური ფორმის ჭურჭელი გამოიყენება. შინ შეიძლება გამოგვადგეს მცირე ზომის ლამაზი ჭიქა ან ფიალა. კანდელის ნათელი სიმბოლოა ზეციური ნათლისა. რადგან სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მათ ხატებსაც აქ, დედამიწაზე, მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, როგორც ზეციური ნათლის სიმბოლო.
ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელსაც დასალევად და ოთახში სასხურებლად ვიყენებთ. მოგეხსენებათ, ნაკურთხი წყალი არ იხრწნება, მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, მას წლობით ინახავენ.სასურველია, მორწმუნეს მუდამ ჰქონდეს ნაკვეთი სეფისკვერიც. წირვაზე სეფისკვერი მოხსენიებულისა და მომხსენებლის სახელზე იკვეთება, წირვის შემდეგ კი ნაკვეთი სეფისკვერები, როგორც ევლოგია (ბერძნ. – კურთხევა), მორწმუნეებს ურიგდება. ნაწილი შეგვიძლია იქვე მივიღოთ, ნაწილი კი შინ წამოვიღოთ და ყოველ დილით ნაკურთხ წყალთან ერთად მივიღოთ ჩვენც და ჩვენმა ოჯახის წევრებმაც. სეფისკვერი მისთვის გამოყოფილ ჭურჭელში ან ყუთში უნდა ინახებოდეს.

Share.