ქართველი ვაჟკაცების გმირობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ახალს ვერც ახლა გეტყვით, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია დაწერეს, გახსენებას ნამდვილად იმსახურებენ. ერთ მებრძოლზე უნდა გიამბოთ, სიმამაცის, გაუტეხლობისა და ერთიანობის სიმბოლოდ, რომ იქცა ისეთ ქართველზე.
მერაბ მინდიაშვილზე, ლეგენდები ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დადიოდა. აქტიურად იყო ჩაბმული რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ გამართულ თავდაცვით ბრძოლებში. ერთი შეხედვით უბრალო ქემერტელი ბიჭი, შიშის ზარს სცემდა ოსებს და სასტიკადაც უსწორდებოდა ყოველ უსამართლობაზე მათ. ამბობდნენ, რომ სიმამაცით განთქმული მებრძოლის მოკვლისთვის ოსებს ჯილდოც კი ჰქონდა დაწესებული. მერე როცა განაჩენი სისრულეში მოიყვანეს, სეპარატისტებს ცხინვალში ფოიერვერკიც კი გაუსვრიათ.
ფოიერვეკამდე კი იყო წამება, გაუგონარი და შემზარავი…
1991 წლის 18 მარტს, გამთენიისას, მერაბ მინდიაშვილი და მისი თანამებრძოლი, ზურაბ ხაბარელი, ერედვის გზის გავლით, ზვიად გამსახურდიასთან მიდიოდნენ. ზურაბ ხაბარელი მისი „ქვისლი“ იყო. ოსებმა გაიგეს, რომ მერაბი და მისი თანამებრძოლი, ზვიადთან შესახვედრად მიდიოდნენ, ისიც იცოდნენ, თუ რომელი გზით უნდა წასულიყვნენ. ოსმა სეპარატისტები მერაბს ჩაუსაფრდნენ. პირველი ტყვია, ზვიად ხაბარელს მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მერაბი, ამ დროს, მანქანის საჭესთან იჯდა. ცეცხლი რომ გაუხსნეს, მანქანიდან გადმოხტა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დაჭრილი თანამებრძოლი არ დაუტოვებია, მის დასახმარებლად უკან მიტრიალდა. სწორედ ამ დროს, მერაბს, ტყვია, მუცელში მოხვდა; დაჭრილი ტყვედ აიყვანეს.
ოსმა სეპარატისტებმა, მერაბ მინდიაშვილი, ერედვის გზაზე, ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს. ცოცხლად წვავდნენ და ის მაინც „შავლეგოს“ მღეროდა.
ეს ისტორია წლების შემდეგ, მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა: „ისე მოხდა, რომ 1991 წელს, დიდი ლიახვის ხეობაში, ხეზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა, მისი სხეული, ფერფლად არ აქცია.“
მაშინ მერაბის მეუღლე ორსულად იყო, მეოთხე შვილს ელოდებოდა.
წლების შემდეგ მისი შვილები გაიხსენებენ, რომ მათ მებრძოლ, გმირ მამას, იმ საბედისწერო დღეს იარაღიც არ ჰქონდა წაღებული… იმდენად ცოტა ადამიანმა იცოდა მისი გადაადგილების მარშრუტი, რომ არ ჰქონდა იმის ეჭვი, რომ გზაში ვინმე დახვდებოდა.
მისი ოჯახი დღემდე ამ მძიმე ტრაგედიით ცხოვრობს. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ამაოდ. დღესაც მაშინდელივით სტკივათ და მოუშუშებელ იარად რჩება 1991 წლის საბედისწერო 18 მარტი.
31 წლის წინანდელ ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, „პრაიმტაიმთან“ მერაბის ბავშვობის მეგობარი, მეზობელი და თანამებრძოლი ნუგზარ ყაულაშვილი იხსენებს.
„მე და მინდია ერთად ვიზრდებოდით. ჩცვენს შორის ასაკობრივი სხვაობა სამი-ოთხი წელია. ბავშობიდან უშიშარი იყო. ფიზიკურად ძლიერი, პრინციპული და ჯიუტი იყო, ამის გამო პაპამ ზედმეტ სახელად „ვირო“ შეარქვა. ჩემი ძმა და მინდია მძღოლად მუშაობდნენ, რუსეთში დაჰქონდათ ტვირთი. 1989 წლის ნოემბრიდან რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მებრძოლი გახდა. როცა მინდია სოფელში იყო, მცხოვრებლებს არაფრის შიში აღარ ჰქონდათ. ყველა უყვარდა და მასზეც გიჟდებოდნენ. ძალიან უშუალო და მეგობრული იყო. საკმარისი იყო ერთხელ მაინც გენახა, რომ სამუდამოდ დაგმახსოვრებოდა. სიმართლის მოყვარული კაცი იყო და ასეთი წავიდა ამ ქვეყნად.
როცა ქართველებსა და ოსებს შორის მდგომარეობა დაიძაბა და ოსი სეპარატისტები ქართველებს ავიწროებდნენ, მერაბი, პირველი შეუერთდა ეროვნულ მოძრაობას – იარაღიც, პირველად, ყველა ოჯახს დაურიგა. მოსახლეობას შეეძლო, აგრესიული სეპარატისტული დაჯგუფებებისთვის წინააღმდეგობია გაეწია. დიდ წილად, ამის წყალობითაც იყო, რომ თითქმის 2008 წლამდე შევინარჩუნეთ დიდი ლიახვის ხეობა – საქართველოს განუყოფელი ნაწილი…“- ამბობს ნუგზარ ყაულაშვილი.
წყარო:ttimes.ge