მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, რამდენიმე კვირაა თურქეთში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.
მსახიობის მეგობარი ერეკლე საღლიანი საღლიანი ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის:
– მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თანაგრძნობა გამოხატა სოსო ჯაჭვლიანის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ, არიან ბნელი პიროვნებები, ბუნებით ბოროტებასთან წილნაყარი ადამიანები, რომელთაც ორჯერ გაავრცელეს სოსოს სიკვდილის ამბავი და თავზარი დაგვცეს ყველას. მიკვირს ასეთებს როგორ სძინავთ მშვიდად?..
სოსო ამჟამად იმყოფება თურქეთში. მადლობა უფალს, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ის უკეთაა, ის კი არა და წონაში მოიმატა კიდეც. გახარებული ვართ ყველა და დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ გამოჯანმრთელდება, ჩვენს გვერდით იქნება, ჩვეული ენერგიით შეუდგება თავის საქმიანობას. სოსო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ქვეყანას. ის არამარტო თავისი შემოქმედებითი ნიჭიერებით, არამედ საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებითაც გახლავთ ცნობილი. ყველამ კარგად ვიცით, კრიტიკულ მომენტში როგორ ვაჟკაცურ გადაწყვეტილებებს იღებდა. გვახსოვს, როდესაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ოპოზიციის დევნა. თავისუფალი აზრი, რაც თავი მახსოვს სულ იდევნება საქართველოში, მაშინ განსაკუთრებით ხდებოდა ეს. სწორედ ამას გამოუცხადა სოსომ ბრძოლა და გელათიდან წამოვიდა ფეხით. იმიტომ, რომ არ ეგუებოდა იმდროინდელ რეჟიმს, შემდგომ ამას მოჰყვა შიმშილობა, რაც არ იყო იოლი. მახსოვს, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, ბოდიში შემოუთვალა საავადმყოფოდან, – ვერ ვასრულებ ამას, რადგან მე რომ ახლა შიმშილობა შევწყვიტო, ყველაფერს წყალში ვყრიო. ასეთი პიროვნებაა სოსო.
– კონკრეტულად როდის დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები ?
– 1 წელია, რაც ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. დიაგნოზის სახელი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მძიმე დიაგნოზი რომაა ფაქტია. ოღონდ მე იმედიანად ვარ, რომ სოსო ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა. დაგვიბრუნდება საღ-სალამათი და თავის წვლილს შეიტანს დღევანდელი საქართველოს წინსვლაში.
– თვითონ როგორ ხასიათზეა, რას ამბობს?
– ტელეფონზე ვერ ვუკავშირდები, რადგან სიმშვიდე სჭირდება. ექიმები ურჩევენ რომ არ დაიტვირთოს ემოციებით, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ამიტომ, მაგრამ როგორც გავიგე, მხნედ არის და იმედიანად. საერთოდ არ კრთება თურმე.
დიდი იმედი მაქვს, სოსო მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვეულებრივი ენერგიით შეუდგება დიდ საქმეებს. ის სჭირდება დღევანდელობას, დღევანდელ საქართველოს, იმიტომ, რომ ყველა სიკეთესთან ერთად სოსო ჯაჭვლიანი არის ქართული მუხტის მატარებელი, თხემით ტერფამდე ქართველი. პატრიოტი თავისი დადებითი მხარით, თუნდაც სისუსტეებითაც.